დინამო (თბილისი) VS დინამო (მოსკოვი) - 24 წლის შემდეგ...

AutoSharing Option
უარი პოლიტიკას!
მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ: 7 ივლისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო-არენაზე" ამხანაგურ მატჩში თბილისის "დინამო" და მოსკოვის "დინამო" რომ დაუპირისპირდებიან, ამ შეხვედრას არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ უნდა ახლდეს!

გასაგებია, რომ საქართველოში რუსეთის გუნდის ჩამოსვლა "ჩვეულებრივ ამბად" ვერ შეფასდება, მაგრამ ზედმეტი პოლიტიზებაც არ არის საჭირო! მით უფრო, რომ კვირას დაგეგმილი მატჩი ამხანაგურ ხასიათს ატარებს და საერთოდაც, ურიგო სანახაობა არ უნდა ვიხილოთ: რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჯერ იქნება თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიის გახსნასთან დაკავშირებული ღონისძიება, შემდეგ ერთმანეთის პირისპირ წარსდგებიან თბილისისა და მოსკოვის
"დინამოს" ვეტერანები, 20 საათზე კი საქართველოს ჩემპიონი თბილისის "დინამო" რუსეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება.

ვიმეორებთ, მატჩი ამხანაგურია, მაგრამ მაინც დიდი ინტერესით ველოდებით იმის გამოც, თუ რამდენად არის მზად საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი ევროტურნირებისათვის; თანაც, ისე როგორც ავსტრიულ შეკრებაზე, დუშან უჰრინის გუნდს ამჯერადაც საკმაოდ სოლიდური სპარინგ-პარტნიორი ეყოლება: წარსულში ცნობილი რუმინელი ფეხბურთელის, დან პეტრესკუს განკარგულებაში ხომ არაერთი მაღალი კლასის მოთამაშეა.

რუმინეთის "სტიაუა", იტალიური "ფოჯა" და "ჯენოა", ინგლისური "შეფილდ უენდსეი" და "ჩელსი", - აი, ასეთ გუნდებში ასპარეზობდა დან პეტრესკუ და ფეხბურთელის რანგში უამრავი ტიტულიც მოუგია; 11 წლის განმავლობაში პეტრესკუს კონკურენტი არ ჰყავდა რუმინეთის ნაკრებშიც და იმ პერიოდის ერთ-ერთმა საუკეთესო მარჯვენა მცველმა ორ-ორჯერ იასპარეზა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე.

პეტრესკუმ სამწვრთნელო კარიერა 2003 წელს დაიწყო და მისი დამსახურებაა, პროვინციულმა "უნირეამ" რუმინეთის ჩემპიონობა რომ მოიპოვა. 2010 წლიდან პეტრესკუ რუსეთში მუშაობს: მისი ხელმძღვანელობით "ყუბანმა" უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა, მერე კი უკვე ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდა და აი, შარშან მოსკოვის "დინამოს" გაძღოლაც ანდეს.

რუსეთის პრემიერლიგაში ახალი სეზონი 14 ივლისს იწყება და მოსკოვის "დინამოს" შემადგენლობაშიც შესაძლოა ახალი სახეები გამოჩნდნენ. ისე კი, თბილისში დიდი ინტერესით ველოდებით ამ გუნდის ლიდერების ხილვას: კევინ კურანის (გერმანია), ბალაშ ჯუჯაკს (უნგრეთი), ანდრეი ვორონინს (უკრაინა), კრისტიან ნობოას (ეკვადორი), ლუკ იულშირს (ავსტრალია), იგორ სემშოვს, ანტონ შუნინს (ორივე- რუსეთი) და სხვებს.

Sportall.Ge

უხერხული მეტოქე
უკვე წლებია, უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე (სანაკრებოზეც და საკლუბოზეც) საქართველოსა და რუსეთის გუნდები ერთმანეთს აღარ ხვდებიან. მიზეზი ყველასათვის ნათელია და მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ სამი შემთხვევა იყო, როცა რუსებს ოფიციალურ მატჩებში თბილისში ვეთამაშეთ: ერთხელ - სანაკრებო დონეზე, ორჯერაც - საკლუბოზე (ორივეჯერ მოსკოვის "ტორპედო" გვესტუმრა, ერთხელ თბილისის "დინამოსთან" საპაექროდ, მეორედ კი "მერანი-91"-თან).

ამ შემთხვევაში არ გვიგულისხმია ახალგაზრდული თუ სხვა ასაკობრივი ნაკრებები - ასეთ დონეზე არაერთი მატჩი ჩატარებულა საქართველოში.

მოკლედ, თბილისში კვირას დიდი ხნის "ნაცნობი" გუნდი ჩამოდის - უკანასკნელად, ოფიციალური შეხვედრის ჩასატარებლად 1989 წლის 15 ივნისს რომ გვესტუმრა. და აი, 24 წლის შემდეგ მოსკოვის "დინამო" პირველად უნდა გვესტუმროს თავისი ღვაწლმოსილი ვეტერანებითა და დღევანდელი შემადგენლობით.

ისე, არ დავმალავთ და, ძირითადი გუნდების პაექრობაზე არანაკლებ ინტერესს ვეტერანთა მატჩი იწვევს: უფროსი თაობის გულშემატკივარი დაგვეთანხმება, რომ თბილისისა და მოსკოვის "დინამოს" თითქმის ყველა დაპირისპირება განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა! სამწუხაროდ, სწორედ მოსკოვის "დინამო" იყო ის გუნდი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამოს" ყველაზე უარყოფითი ბალანსი ვისთანაც ჰქონდა! სულ კი ასეთი სამი გუნდი იყო: კიევის "დინამო", მოსკოვის "სპარტაკი" და მოსკოვის "დინამო".

სხვათა შორის, ტიტულების რაოდენობით მოსკოვის "დინამო" მესამე ადგილზეა და უმნიშვნელოდ ჩამორჩება "სპარტაკსა" და კიევის "დინამოს": 11 ოქრო, 11 ვერცხლი და 45 ბრინჯაო; თბილისის "დინამო" კი მეოთხე ადგილზეა - 2 ოქრო, 5 ვერცხლი დ 13 ბრინჯაო.

ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ვიდრე საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი (1936-1991) არსებობდა, ორადორი გუნდი იყო, ყველა გათამაშებაში რომ მონაწილეობდა: კიევის "დინამო" და მოსკოვის "დინამო"; ეს, რაც შეეხებოდა ჩემპიონატს (თბილისელი და მოსკოველი თანაკლუბელების დაპირისპირებებზე ქვემოთ კიდევ ვისაუბრებთ), თასზეც დაახლოებით იგივე ბალანსია: კიევის "დინამომ" ცხრაჯერ მოიპოვა ეს პრიზი, "სპარტაკმა" - რვაჯერ, მოსკოვის "დინამომ" კი - ექვსჯერ.

თბილისის "დინამოს" მაჩვენებელსაც შეგახსენებთ - ორი სათასო ტრიუმფი და... ექვსი წაგებული ფინალი (აქედან, ორჯერ... მოსკოვის "დინამოსთან)!

...1936-1989 წლებში, თბილისის "დინამომ" საკავშირო ჩემპიონატებში თავის მოსკოველ "სეხნიასთან" 95 მატჩი ჩაატარა და აი, სტატისტიკაც: 19 მოგება, 29 ფრე და 47 წაგება! აბა, ამაზე უხერხული მეტოქე ვინ უნდა ყოფილიყო? ეგ კი არა, ამ ორი გუნდის ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში ჩვენთვის არასასიამოვნოდ გასახსენებელი ფაქტიც მრავლად ყოფილა: 1946-53 წლებში თბილისის "დინამო" 13 მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებდა მოსკოველი თანაკლუბელების დამარცხებას, 1954-58 წლებში კი 11-მატჩიანი მოუგებელი სერია გვქონდა...

ერთი პატრონის მსახურნი...
ისე არავინ გაიგოს, თითქოს თბილისის "დინამოს" არ ჩაუტარებია გამორჩეული და განსაკუთრებული მატჩები მოსკოვის "დინამოსთან"; პირიქით - ასეთი შეხვედრები ყოფილი საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა თუ თასის გათამაშებაში არაერთი ყოფილა და ამ ფაქტებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

ახლა კი რამდენიმე ისეთი შემთხვევა გვინდა გავიხსენოთ, როცა თბილისისა და მოსკოვის "დინამოს" ერთმანეთთან მხოლოდ სახელწოდება არ აკავშირებდათ; უფრო ზუსტად, ორივე ერთი სპორტსაზოგადოების გუნდი იყო და ამიტომაც ნურავის გაუკვირდება, ასეთი უარყოფითი ბალანსი რომ გაგვაჩნია საბჭოთა კავშირის დედაქალაქის გუნდთან.

ანუ, სხვაგვარად წარმოუდგენელიც იყო, რომ თბილისისა და მოსკოვის "დინამოს" დაპირისპირებაში უპირატესობა ჩვენს მხარეს ყოფილიყო...

...მიხეილ იაკუშინი, გავრილ კაჩალინი, ვიაჩესლავ სოლოვიოვი, - აი, სამი ცნობილი რუსი მწვრთნელი, სხვადასხვა დროს მოსკოვის "დინამოც" რომ გაუწვრთნია და თბილისის "დინამოც"; ამას გარდა, იყო შემთხვევები, როცა მოსკოვის "დინამოს" რამდენიმე ფეხბურთელს საერთაშორისო ამხანაგურ მატჩებში თბილისის "დინამოს" მაისურა მოურგიათ (იურჩენკო, რიაბოვი, ცარიოვი, კესარევი, შაპოვალოვი, ნიკოლაევი);

არცთუ შორეულ წარსულში თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ანდრეი ჩერნიშოვი მუშაობდა, 90-იანი წლების დასაწყისში მოსკოვის "დინამოში" რომ ასპარეზობდა. ამათ გარდა, იყვნენ ისეთი ფეხბურთელებიც, სხვადასხვა დროს მოსკოვის "დინამოშიც" რომ უთამაშიათ და თბილისის "დინამოშიც" - თანაც, ეს ხდებოდა როგორც საბჭოთა კავშირის პირველობაზე, ასევე მოგვიანებით რუსეთისა თუ საქართველოს ჩემპიონატის პირობებშიც.

აი, ამ ფეხბურთელთა ჩამონათვალიც და თუ ვინმე გამოგვრჩა, წინასწარ ბოდიში გვინდა მოვიხადოთ.

სსრკ ჩემპიონატი
ვალტერ სანაია
(დინამო, თბილისი) 1945-46, 1954 - 33 მატჩი
("დინამო", მოსკოვი) 1947-53 - 68 მატჩი
ალექსანდრ აფშევი
("დინამო", მოსკოვი) 1961-63 -26 (2 გოლი)
("დინამო", თბილისი) 1964 - 19
ზურაბ წერეთელი
("დინამო", თბილისი) 1973-76 - 68 (8)
("დინამო", მოსკოვი) 1978 - 17 (4)
გურამ აჯოევი
("დინამო", მოსკოვი) 1981-84 - 75 (6)
("დინამო", თბილისი) 1987 - 4
ვალერი გაზაევი
("დინამო", მოსკოვი) 1976-87 - 237 (86 გოლი)
("დინამო", თბილისი) - 14 (5)
გოჩა ტყებუჩავა
("დინამო", მოსკოვი) 1982-83 - 27 (3)
("დინამო", თბილისი) 1988 - 12

სსრკ/რუსეთის ჩემპიონატი
კახა ცხადაძე
("დინამო", თბილისი) 1988-89 - 41 (1)
("დინამო", მოსკოვი) 1992 - 19
ომარ თეთრაძე
("დინამო", თბილისი) 1988-89 - 24
("დინამო", მოსკოვი) 1991-94 - 126 (12)
ბახვა თედეევი
("დინამო", თბილისი) 1988-89 - 18 (3)
("დინამო", მოსკოვი) 1993 - 35 (8)
ახრიკ ცვეიბა
("დინამო", თბილისი) 1986-89 - 79
("დინამო", მოსკოვი) 2001 - 11
ბადრი სპანდერაშვილი
("დინამო", მოსკოვი) 1992 - 10
("დინამო", თბილისი) -

რუსეთი/საქართველოს ჩემპიონატი
ოთარ ხიზანეიშვილი
("დინამო", თბილისი) 1999-2000, 2001-04, 2011-13 - 78
("დინამო", მოსკოვი) 2004 - 14

იშვიათად ვიგებდით...
... ზემოთ აღვნიშნეთ, რომ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ისტორიაში თბილისის "დინამოს" ყველაზე უარყოფითი ბალანსი მოსკოვის "დინამოსთან" ჰქონდა.

თუმცა, ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1936-89) რამდენიმე გამორჩეული მატჩიც ყოფილა, ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრის მეხსიერებიდან რომ არასდროს ამოიშლება. ისიც სიმბოლურია, რომ საკავშირო ჩემპიონატებში ამ ორი გუნდის პირველ დაპირისპირებაში (1:1 რომ დამთავრდა), გოლები ისეთმა ფეხბურთელებმა გაიტანეს, შემდგომში ლეგენდებად რომ იქცნენ: ბორის პაიჭაძემ და მიხაილ იაკუშინმა.

...23 წელიწადი ვერ ახერხებდა თბილისის "დინამო" თავისი უხერხული მეტოქის სტუმრად დამარცხებას და აი, 1959 წელს ეს ნავსი გატყდა: ვლადიმერ ბარქაიას "დუბლით" ჩვენებმა პირველად შეძლეს მოსკოვში გამარჯვება!

აღსანიშნავია, რომ სტუმრად მეორე მოგებას თბილისელი ქომაგები 8 წელიწადი ელოდნენ: 1967 წელს, თბილისის "დინამოს" დებიუტანტის, იმ დროისათვის 19 წლის გივი ნოდიას გოლით გავიმარჯვეთ. სხვათა შორის, 1966 წელს, თბილისში რომ მოვუგეთ მოსკოვის "დინამოს" (2:0), ერთ-ერთი გოლი ასევე 19 წლის კახი ასათიანმა გაიტანა, რომელიც თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში სადებიუტო მატჩს ატარებდა.

ისევ 1967 წელს გვინდა დავუბრუნდეთ: ეს იყო პირველი სეზონი, როცა თბილისის "დინამომ" პირველად შეძლო ჩემპიონატში ორივე მატჩის მოგება თავის პრინციპულ მეტოქესთან: სტუმრად გამარჯვებაზე ზემოთ ვთქვით, თბილისში კი სარეკორდო ანგარიშით ვაჯობეთ - 5:1.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში გოჩა გავაშელმა ჰეთ-თრიქი შეასრულა, გივი ნოდიამ კი - დუბლი.

ორი წლის მერე ამჯერად უკვე ლევან ნოდიას "დუბლით" ვაჯობეთ მოსკოვის "დინამოს", აი, 1971 წელს კი ისტორიაში მესამედ მოვიგეთ მოსკოვში: ერთი გოლი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანა, მეორე კი თბილისელთა დებიუტანტმა - ვლადიმერ გუცაევმა. ეს ორი მართლაც გამორჩეული ფეხბურთელი შემთხვევით არ გვიხსენებია: თბილისის "დინამოს" ლეგენდარულ კაპიტანს მანუჩარ მაჩაიძეს ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მოსკოვის "დინამოს" კარში; გამორჩეულად კი, იმ გოლს მივიჩნევთ, 1976 წელს, საშემოდგომო ჩემპიონატის ბოლო ტურში, ბოლო წუთზე ჩვენებს ბრინჯაოს მედლები რომ მოუტანა;

აი, ვლადიმერ გუცაევი კი მოსკოვის "დინამოსთან" ყოველთვის "განსაკუთრებული" მოტივაციით ასპარეზობდა და, ალბათ, ბევრს ემახსოვრება, თუ რა დღეში აგდებდა თავის მეურვეს ალექსანდრ მახოვიკოვს. სხვათა შორის, 70-იანი წლების მოსკოვის "დინამოს" მცველები არნახული უხეშობით თამაშობდნენ თბილისელთა შემტევების წინააღმდეგ, მაგრამ სერგეი ნიკულინის, ალექსანდრ ბუბნოვისა და ალექსანდრ ნოვიკოვისგან განსხვავებით, მახოვიკოვი ასეთ რამეებს არ კადრულობდა...

სტუმრად მეოთხე გამარჯვებას 1975 წელს მივაღწიეთ და გოლები ვლადიმერ გუცაევმა (2) და მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანეს; მეხუთე და უკანასკნელი მოგება კი 1987 წელს იყო, როცა ოთარ კორღალიძის ერთადერთი გოლით გავიმარჯვეთ. აი, ასეთი უხერხული მეტოქე ჰყავდა თბილისის "დინამოს" საკავშირო ჩემპონატში; თუმცა, თასის გათამაშებაშიც არაერთხელ გადაკვეთილა ამ ორი გუნდის გზები...

სათასო პაექრობები
საბჭოთა კავშირის თასის II გათამაშების ფინალში ერთმანეთს მოსკოვისა და თბილისის "დინამო" შეხვდნენ - გამარჯვება მოსკოველებს დარჩათ (5:2). ეს იყო თბილისის "დინამოს" პირველი ფინალი, რასაც კიდევ სამი იმედგაცრუება მოჰყვა და აი, 1970 წლის 3 აგვისტოც დადგა: საბჭოთა კავშირის თასის ფინალში ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, ის მატჩიც წავაგეთ (1:2), თუმცა გამორჩეული ფაქტიც მოხდა: თბილისელთა დებიუტანტმა, 19 წლის შოთა ხინჩაგაშვილმა (იმ დროს მარცხენა მცველის პოზიციაზე რომ ასპარეზობდა) შორეული დარტყმით ლევ იაშინის კარში თავისი პირველი გოლი გაიტანა ოფიციალურ შეხვედრებში.

ჰო, პირველი და... უკანასკნელიც, - ქართული ფეხბურთის ისტორიაში მართლაც გამორჩეულ მცველს შოთა ხინჩაგაშვილს აღარც თასზე და აღარც ჩემპიონატში გოლი აღარ გაუტანია...

...ადრე თუ გვიან, უიღბლობა უნდა დამთავრებულიყო და სწორედ ასე მოხდა 1979 წლის 11 აგვისტოს, როცა თასის ფინალში მოსკოვის "დინამოს" მესამედ დავუპირისპირდით. სხვათა შორის, 1977-79 წლებში, სამი სეზონის განმავლობაში ამ ორი გუნდის საჩემპიონატო მატჩები ერთნაირი ანგარიშით (1:1) მთავრდებოდა! ასევე ფრედ დამთავრდა თასის ფინალიც (0:0), გამარჯვებული ვერც ძირითადმა დრომ გამოავლინა, პენალტების სერიაში კი ნოდარ ახალკაცის დამოძღვრილმა თბილისის "დინამომ" გაიმარჯვა!

არადა, სერია ჩვენთვის კოშმარულად დაიწყო: პირველი დარტყმა დავით ყიფიანმა გააცუდა, მეორე - ვლადიმერ გუცაევმა! საბედნიეროდ, ამის შემდეგ ყველა ჩვენიანი ზუსტად ურტყამდა: ალექსანდრე ჩივაძე, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, მანუჩარ მაჩაიძე, თენგიზ სულაქველიძე; თუმცა, იმ პენალტების და საერთოდ, მატჩის გმირი თბილისელთა მეკარე ოთარ გაბელია გახლდათ - ჯერ ალექსანდრ მახოვიკოვის დარტყმა მოიგერია, მერე ალექსეი პეტრუშინის, ბოლოს კი მოსკოველთა საუკეთესო თავდამსხმელს, ვალერი გაზაევს მოუგო "დუელი" და თასიც ჩვენ დაგვრჩა!

მოსკოვის "დინამოსაც" ვქომაგობდით...
სხვა გუნდების (მოსკოვის "სპარტაკი", კიევის "დინამო") მსგავსად, მოსკოვის "დინამოსაც" ჩაუტარებია ევროტურნირების საშინო მატჩები... თბილისში! აი, თუნდაც თასების მფლობელთა თასის 1977/78 წლების სეზონი გავიხსენოთ: მეოთხედფინალში მოსკოვის "დინამომ" 60 000 ქართველი ქომაგის თვალწინ ესპანურ "ბეტისს" 3:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

მოსკოვის "დინამოსა" და ვენის "აუსტრიას" პირველი ნახევარფინალური მატჩიც თბილისში ჩატარდა და უფრო მეტი მაყურებელი (65 000) მოვიდა. პირველი ტაიმი ავსტრიელებმა მოიგეს, აი შესვენების შემდეგ კი მოსკოველთა შემადგენლობაში თბილისის "დინამოს" ყოფილი ფორვარდი ზურაბ წერეთელი გამოჩნდა, რომელმაც 84-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ორ წუთში კი მიხაილ გერშკოვიჩმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

საპასუხო მატჩი ვენაში ასეთივე ანგარიშით დამთავრდა, პენალტების სერიაში კი ავსტრიელებმა იყოჩაღეს და ფინალში გავიდნენ.

სხვათა შორის, წერეთელი იმ მატჩშიც შეცვლაზე შევიდა და პენალტიც გაიტანა, მაგრამ მისი მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა...

მოსკოვის "დინამო"
დაარსებულია: 1923 წელს
ტიტულები: საბჭოთა კავშირის 11-გზის ჩემპიონი (1936/გაზ.), 1937, 1940, 1945, 1954, 1955, 1957, 1959, 1963, 1976/გაზ);
11-გზის ვერცხლისა და 5-გზის ბრინჯაოს პრიზიორი; საბჭოთა კავშირის თასის 6-გზის მფლობელი;
საბჭოა კავშირის თასის 5-გზის ფინალისტი;
საბჭოთა კავშირის სუპერთასის მფლობელი (1977)
რუსეთის ჩემპიონატის ვერცხლის (1994) და ბრინჯაოს ოთხგზის (1992, 1993, 1997, 2008) პრიზიორი;
რუსეთის თასის მფლობელი (1995) და ორგზის ფინალისტი;
ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის ფინალისტი (1972).

"დინამოს" ფეხბურთელთა  ინდივიდუალური მიღწევები
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი: ლევ იაშინი (1963)
საბჭოთა კავშირის (რუსეთის) საუკეთესო ფეხბურთელი: იგორ დობროვოლსკი (1990),
იგორ კოლივანოვი (1991),
იგორ სიმუტენკოვი (1994)
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების
საუკეთესო ბომბარდირები:
მიხეილ სემიჩასტნი (1936) (გაზ)
ვასილი სმირნოვი (1937)
სერგეი სოლოვიოვი (1948)
ვლადიმირ ილინი (1954)
ალექსანდრ ბოროდიუკი (1986, 1988)
იგორ კოლივანოვი (1991)
იგორ სიმუტენკოვი (1995)
ევროპის ჩემპიონი:
ლევ იაშინი (1960)
ოლიმპიური ჩემპიონები: ლევ იაშინი (1956)
ბორის კუზნეცოვი (1956)
დიმიტრი ხარინი (1988)
ვიქტორ ლოსევი (1988)
იგორ დობროვოლსკი (1988)
ალექსანდრ ბოროდიუკი (1988)

კლუბის ისტორიაში გამორჩეული მწვრთნელი: მიხაილ იაკუშინი (5 საჩემპიონო ტიტული)

კლუბის ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელები: ლევ იაშინი, ალექსეი ხომიჩი, მიხეილ სემიჩასტნი, კონსტანტინ ბესკოვი, ვლადიმირ ილინი, ედუარდ მუდრიკი, ვალერი ზიკოვი, ვიქტორ ცარიოვი, ვიქტორ ანიჩკინი, ვლადიმირ კესარევი, ვალერი მასლოვი, იგორ ჩისლენკო, ვლადიმირ ევრიუჟიხინი, მიხაილ გერშკოვიჩი, ანდრეი იაკუბიკი, ვლადიმერ პილგუი, ნიკოლაი გონტარი, ალექსანდ მაქსიმენკოვი, ალექსანდრ მახოვიკოვი, სერგეი ნიკულინი, ალექსანდრ ნოვიკოვი, ვალერი გაზაევი, ალექსანდრ მინაევი, ალექსანდრ ბუბნოვი, ალექსანდრ ბოროდიუკი, ვიქტორ ლოსევი, იგორ დობროვოლსკი, სერგეი კირიაკოვი, იგორ კოლივანოვი, იგორ სიმუტენკოვი, ანდრეი კობელევი, იგორ სემშოვი...

საკავშირო ჩემპიონატში ყველა დაპირისპირება
29. 09. 1936 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:1 (ბ. პაიჭაძე)
18. 08. 1937 დინამო (მ) - დინამო (თბ) 3:3 (ვ. ბერძენიშვილი-2, ა. ჩერნიშოვი - საკუთარ კარში)
18. 09. 1937 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:4
30. 05. 1938 დინამო (თბ) - დინამო (მ) 2:2 (მ. ბერძენიშვილი, ვ. ბერეჟნოი)
12. 05. 1939 დინამო (თბ) - დინამო (მ) 4:1 (გ. ჯეჯელავა - 2, რიომინი - 2, საკუთარ კარში)
22. 07. 1939 დინამო (მ) - დინამო (თბ) 3:2 (ა. ხარბედია, ვ. ბერეჟნოი)
18. 05. 1940 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:0 (თ. გავაშელი)
20. 10. 1940 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:0
19. 06. 1945 დინამო (მ) - დინამო (თბ) 3:0
24. 08. 1945 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:2 (ვ. ბერეჟნოი)
26. 04. 1946 დინამო (თბ) - დინამო (მ) 3:2 (ბ. პაიჭაძე, ა. ხარბედია, გ. ანთაძე)
05. 07. 1946 დინამო (მ) - დინამო (თბ) 4:1 (ბ. პაიჭაძე)
29. 06. 1947 დინამო (მ) - დინამო (თბ) 3:0
28. 09. 1947 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:4
08. 06. 1948 დინამო (მ) - დინამო (თბ) 4:2 (ა. ღოღობერიძე, გ. ჯეჯელავა)
18. 08. 1948 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:3 (გ. ანთაძე)
29. 05. 1949 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:1
17. 08. 1949 დინამო (მ) - დინამო (თბ) 4:1 (ნ. თოდრია)
16. 04. 1950 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:3 (რ. მახარაძე)
06. 07. 1950 დინამო (მ) - დინამო (თბ) 5:4 (ა. ღოღობერიძე - 2, ბ. პაიჭაძე, ნ. თოდრია)
08. 04. 1951 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:2
12. 07. 1951 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:0
07. 10. 1952 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:2 (ა. ღოღობერიძე, კ. გაგნიძე)
23. 05. 1953 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:2 (ნ. თოდრია, კ. გაგნიძე)
07. 088 1953 დინამო (თბ) - დინამო (მ) 3:2 (ა. კოტრიკაძე, ა. ღოღობერიძე, ა. ჭკუასელი)
19. 04. 1954 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:2 (ა. კოტრიკაძე)
29. 06. 1954 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:0
22. 05. 1955 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:0
02. 08. 1955 დინამო (თბ) - დინამო (მ) 2:6 (კ. გაგნიძე ზ. კალოევი)
01. 04. 1956 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:1 (ა. ზაზროევი)
27. 06. 1956 დინამო (მ) - დინამო (თბ) 5:2 (ა. ჭკუასელი - 2)
06. 04. 1957 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:2 (შ. იამანიძე)
20. 08. 1957 დინამო (მ) - დინამო (თბ) 4:2 (ვ. ბარქაია, ა. ღოღობერიძე)
23. 03. 1958 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:6 (შ. იამანიძე)
30. 07. 1958 დინამო (მ) - დინამო (თბ) 3:2 (კ. გაგნიძე, შ. იამანიძე)
29. 05. 1959 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:3 (ზ. კალოევი)
11. 10. 1959 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:2 (ვ. ბარქაია-2)
14. 04. 1960 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:1
29. 06. 1960 დინამო (მ) - დინამო (თბ) 5:0
06. 07. 1962 დინამო (მ) - დინამო (თბ) 0:0
02. 02. 1962 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:1 (ვ. ბარქაია)
13. 07. 1963 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:0
31. 10. 1963 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:0
26. 04. 1964 დინამო (მ) - დინამო (თბ) 3:1 (შ. იამანიძე)
12. 09. 1964 დინამო (თბ) - დინამო (მ) 2:1 (ს. მეტრეველი, ი. დათუნაშვილი)
13. 06. 1965 დინაო (თბ) - დინამო (მ) 1:2 (ვ. ბარქაია)
20. 09. 1965 დინამო (მ) - დინამო (თბ) 0:0
10. 04. 1966 დინამო (თბ) - დინამო (მ) 2:0 (შ იამანიძე, კ. ასათიანი)
20. 10. 1966 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:1 (კ. ასათიანი)
12. 07. 1967 დინამო (მ) - დინამო (თბ) 0:1 (გ. ნოდია)
16. 11. 1967 დინამო (თბ) - დინამო (მ) 5:1 გ. გავაშელი - 3, გ. ნოდია - 2)
08. 06. 1968 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:0
11. 10. 1968 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:0
31. 07. 1969 დინამო (მ) - დინამო (თბ) 4:1 (გ. ნოდია)
20. 09. 1969 დინამო (თბ) - დინამო (მ) 3:1 (ლ. ნოდია - 2, გ. გავაშელი)
08. 04. 1970 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:0
19. 09. 1970 დინამო (მ) - დინამო (თბ) 3:1 (ა. ილიადი)
23. 06. 1971 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:2
08. 10. 1971 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:2 (მ. მაჩაიძე, ვ. გუცაევი)
10. 04. 1972 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:0 (გ. გავაშელი)
25. 10. 1972 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:1 (გ. ნოდია)
19. 05. 1973 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:3
29. 09. 1973 დინამო (მ) - დინამო (თბ) 4:1 (დ. ყიფიანი)
14. 05. 1974 დინამო (მ) - დინამო (თბ) 0:0
06. 10. 1974 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:0
21. 04. 1975 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:3 (ვ. გუცაევი-2, მ. მაჩაიძე)
02. 11. 1975 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:1 (მ. მაჩაიძე)
13. 07. 1976 (საგაზაფხულო) დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:1 (მ. მაჩაიძე)
13. 11. 1976 (საშემოდგომო) დინამო (თბ) - დინამო (მ) 3:1 (რ. ჩელებაძე-2, მ. მაჩაიძე)
14. 06. 1977 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:1 (დ. ყიფიანი)
21. 08. 1977 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:1 (დ. ყიფიანი)
24. 04. 1978 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:1 (რ. შენგელა)
30. 07. 1978 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:1 (ვ. ქორიძე)
22. 06. 1979 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:1 (მ. მაჩაიძე)
17. 10. 1979 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:1 (მ. მაჩაიძე)
22. 04. 1980 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:0 (რ. ჩელებაძე)
26. 10. 1980 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:1 (რ. ჩელებაძე)
04. 04. 1981 დინამო (მ) - დინამო (თბ) 0:2
04. 08. 1981 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:1 (ს. ნიკულინი, საკუთარ კარში)
14. 07. 1982 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:0 (რ. შენგელ)
16. 10. 1982 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:1 (რ. შენგელია)
13. 05. 1983 დინამო (თბ) - დინამო (მ) 0:0
01. 11. 1983 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:0
22. 03. 1984 დინამო (მ) - დინამო (თბ) 0:0
12. 11. 1984 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:1 (გ. კეტაშვილი)
01. 03. 1985 დინამო (თბ) - დინამო (მ) 2:1 (რ. შენგელია-2)
05.; 07. 1985 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:0
31. 05. 1986 დინამო (მ) - დინამო (თბ) 2:0
09. 11. 1986 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:2 (რ. ჩელებაძე)
14. 06. 1987 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:1 (გ. გურული)
18. 06. 1987 დინამო (მ) - დინამო (თბ) 0:1 (ო. კორღალიძე)
10. 04. 1988 დინამო (თბ) - დინამო (მ) 3:1 (გ. გურული-2, გ. ტყებუჩავა)
17. 08. 1988 დინამო (მ) - დინამო (თბ) 0:0
15. 06. 1989 დინამო (თბ) - დინამო (მ) 1:2 (კ. კაჭარავა)
03. 08. 1989 დინამო (მ) - დინამო (თბ) 1:0

ყველა გოლი
მანუჩარ მაჩაიძე - 7, ავთანდილ ღოღობერიძე - 6, შოთა იამანიძე - 5, ვლადიმერ ბარქაია - 5, გივი ნოდია - 5, გოჩა გავაშელი - 5, რამაზ შენგელია - 5, რევაზ ჩელებაძე - 5, ბორის პაიჭაძე - 4, კარლო გაგნიძე - 4, ვიქტორ ბერეჟნოი - 3, გაიოზ ჯეჯელავა - 3, ნიკოლოზ თოდრია - 3, ავთანდილ ჭკუასელი - 3, ვლადიმერ გუცაევი - 3, დავით ყიფიანი - 3, გია გურული - 3, ვლადიმერ ბერძენიშვილი - 2, ასლან ხარბედია - 2, გიორგი ანთაძე - 2, ალიოშა კოტრიკაძე - 2, ზაურ კალოევი - 2, კახი ასათიანი - 2, ლევან ნოდია - 2, მიხეილ ბერძენიშვილი - 1, თენგიზ გავაშელი - 1, რევაზ მახარაძე - 1, ანდრო ზაზროევი - 1, სლავა მეტრეველი - 1, ილია დათუნაშვილი - 1, ალექსანდრე ილიადი - 1, ვახტანგ ქორიძე - 1, გელა კეტაშვილი - 1, ოთარ კორღალიძე - 1, გოჩა ტყებუჩავა - 1, კახა კაჭარავა - 1;
შენიშვნა: ოთხი გოლი მოსკოვის "დინამოს" ფეხბურთელებმა საკუთარ კარში გაიტანეს (ალექსანდრ რიომინი - 2, არკადი ჩერნიშოვი - 1, სერგეი ნიკულინი - 1)

ჰეთ-თრიქი (1): გოჩა გავაშელი

დუბლი (11): ვლადიმერ ბერძენიშვილი, გაიოზ ჯეჯელავა, ავთანდილ ღოღობერიძე, ავთანდილ ჭკუასელი, ვლადიმერ ბარქაია, გივი ნოდია, ლევან ნოდია, ვლადიმერ გუცაევი, რევაზ ჩელებაძე, რამაზ შენგელია, გია გურული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ევრუჟიხინს მგონი გენადი ერქვა.
maxo
22:25 07-07-2013
0
ბრავო კაი სტატიაა მარა კარგი იქნება თუ კომენტარებსაც არ დაბლოკავთ
maqsime
12:16 07-07-2013
0

სიახლეები პოპულარული